Sidebar

ყარაბაღი
Typography

1 აპრილს მსოფლიო ყურადღება ვაშინგტონში გამართულ ბირთვული უსაფრთხოების ფორუმისკენ იყო მიმართული, სადაც ბარაკ ობამას მიწვევით მსოფლიოს 52 ქვეყნის ლიდერი იმყოფებოდა, მოწვეულებს შორის აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტებიც იყვნენ.  რატომღაც ტრადიციად იქცა, რომ რამდენჯერაც ამ ქვეყნის ლიდერები შეხვედრას დააპირებენ, იმდენჯერ იძაბება სიტუაცია ყარაბაღში, სადაც გარკვევა, ვინ გახსნა პირველად ცეცხლი შეუძლებელია, რადგან ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებს, ხოლო საერთაშორისო დამკვირვებლები არც ისე ეფექტურად მუშაობენ სიტუაციისთვის ნათელის მოსაფენად. გასული წლის აგვისტოს

ბოლოს, ნიუ–ორკში დაგეგმილი შეხვედრა ალიევსა და სარქისიანს შორის კონფლიქტის უეცარი ესკალაციის გამო ჩაიშალა და შეხვედრა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შედგა, სადაც რაიმე განსაკუთრებული შედეგი არ მიღწეულა. ამავე წლის დეკემბერში შვეიცარიაში მორიგი შეხვედრა უნდა გამართულიყო, ისევ ქვეყნის პირველ პირებს შორის, რომელმაც ყარაბაღში სროლების ფონზე ჩაიარა და გარემოებებიდან გამომდინარე, როგორც მოსალოდნელი იყო, ბერნში გამართულმა შეხვედრამ დიდი ვერაფერი შედეგი ვერ მოიტანა. საბოლოოდ პრეზიდენტები იმაზე შეჯერდნენ, რომ მათ ჯერ კიდევ განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ. როგორც აღმოჩნდა, არც ვაშინგტონში დაანონსებული შეხვედრა არ  ყოფილა გამონაკლისი და ორი აპრილის ღამეს ყარაბაღში დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტაკებები. დილიდანვე გავრცელდა კადრები ბრძოლის ველიდან, სადაც აღბეჭდილი იყო ჩამოგდებული ვერტმფრენი და აფეთქებული ტანკი, რომელიც სომხური მედიის მტკიცებით აზერბაიჯანული იყო. ასევე, ორივე მხარე ავრცელებდა სხვადასხვა ინფორმაციას მტრის რიგებში დაღუპულების რაოდენობის შესახებ.

 

როგორც წესი, საინფორმაციო საშუალებებით, ორივე მხარე  მათთვის სასურველ ინფორმაციას ავრცელებს და ყოველ უმნიშვნელო შეტაკებასაც კი „მუქ ფერებში“ ხატავს.  გამომდინარე აქედან ტყუილ-მართლის გაგება რთულია. შესაბამისად, ორი აპრილის დილით გავრცელებული კადრებიც ბევრს  პატარა შეტაკების შემდგომი პროპაგანდა ეგონა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ბრძოლები ფართომასშტაბის იყო და შეიძლება ითქვას, რომ 1994 წლის ცეცხლის შეწვეტის შემდეგ კონფლიქტის ასეთი ესკალაცია არ მომხდარა. საბოლოოდ დანაკარგები ორივე მხარემ აღიარა, რომელიც ახლოსაც არ იყო იმ ციფრებთან, რასაც სომხეთის და აზერბაიჯანის ოფიციალური წარმომადგენლები აშუქებდნენ.

 

ბრძოლის მსვლელობისას აზერბაიჯანულმა არმიამ მოახერხა რამდენიმე სოფლის დაკავება, რომელსაც სომხები არ თმობდნენ, მაგრამ საბოლოოდ ორივე მხარე მივიდა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებამდე.  სომხების განცხადებით, ეს მხოლოდ დროებითი მოვლენა იყო, რაც განპირობებული გახლდათ ვენაში ეუთოს მინსკის ჯგუფის შეხვედრებით, ხოლო აზერბაიჯანული მხარის განცხადებით ცეცხლის შეწყვეტის მთავარი ფაქტორი რუსეთი იყო. საბოლოოდ, როგორც ექსპერტთა დიდი ნაწილი მიიჩნევდა - სამხრეთ კავკასიური „დიდი ომი“ არ შედგა.

 

გაეროს 4 აპრილის მონაცემებით, ორივე მხარის დანაკარგები ჯამში შეადგენდა 33 დაღუპულ და  200–მდე დაჭრილს, მაგრამ თუ უცხოურ პრესას ვენდობით, 2–5 აპრილის ბრძოლებისას დაღუპულთა რაოდენობა 191–ს აღწევდა. ეს ომი წინამორბედისგან განსხავდებოდა იმითაც, რომ ტრადიციული საბრძოლო მოქმედებებს დაემატა არატრადიციული, მაღალ ტექნოლოგიური ბრძოლის ელემენტებიც, როგორიცაა კიბერ ომი, რომელიც პირველად 2008 წელს საქართველო რუსეთს შორის მოხდა. სომხურმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ გატეხა აზერბაიჯანის სამთავრობო საიტები, ასევე რუსეთში აზერბაიჯანის საელჩოს ვებ-საიტი, რასაც აზერბაიჯანელი ჰაკერების საპასუხო რეაქცია მოჰყვა. მათ თურქი ჰაკერების დახმარებით გატეხეს სომხური სამთავრობო საიტები, ასევე სომხეთში არსებული რუსული საელჩოს twitter გვერდი, საიდანაც გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთი სომხეთს უსამართლოდ უჭერდა მხარს.

 

 რუსეთმა კიდევ ერთხელ მოისხა „მომრიგებლის მანტია“ და პრემიერი მედვედევი 7 აპრილს ჯერ ერევანს, ხოლო მომდევნო  დღეს ბაქოს ესტუმრა. ამით, რუსეთს კიდევ ერთხელ უნდოდა ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რომ მშვიდობის დამყარების მხრივ - კავკასიის რეგიონში ის უალტერნატივოა. აქტიურობდა თურქული მხარეც, მაგრამ მისი მოქმედება ძირითადად აზერბაიჯანის მხარდამჭრი განცხადებებით შემოიფარგლებოდა. ამ უკანასკნელთ, რუსეთთან უშუალო კონფრონტაციის შიშით, ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ. აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა ასევე პაკისტანმა, რომელსაც თავის დროზე სწორედ ყარაბაღში შექმნილი კონფლიქტის გამო არ უღიარებია სომხეთის დამოუკიდებლობა.  ასევე ირანმა გამოთქვა კონფლიქტის დეესკალაციაში აზერბაიჯანის დახმარების მზადყოფნა. სრული მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, რაც ცოტა უცნაურიც არის  მათი მხრიდან, რადგანაც ირანსა და აზერბაიჯანს შორის გარკვეულ საკითხებზე (მათ შორის აზერბაიჯანის დასახელებაზეც) დღემდე უთანხმოებაა.

 

მართალია, ამ ომით აზერბაიჯანმა ვერ შემოიერთა მთლიანი სადავო ტერიტორია, მაგრამ ფაქტია, რომ  საკმაოდ კარგად იბრძოლეს, რაც  სომეხმა გენერალ–მაიორმა არკადი ტერ–ტადეოსიანმაც აღნიშნა მის გამოსვლაში. მან თქვა, რომ აზერბაიჯანულმა ჯარმა ყველა დაკისრებულ მოვალეობას გაართვა თავი. შედეგად აზერბაიჯანმა ხელთ იგდო სადავო ტერიტორიის მცირე ნაწილი, ჯამში სულ სამი სოფელი, მაგრამ საეჭვოა როგორ მოახერხა ეს გამარჯვება იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც ფაქტობრივად რუსეთის სატელიტს წარმოადგენს და მასთან ბრძოლა  კრემლის ინტერესების წინააღმდეგ გალაშქრების ტოლფასია. მართალია, რუსეთი ჩართულია უკრაინასთან ფარულ ომში, ასევე, არც ისე აქტიურად, მაგრამ მაინც რჩება სირიაში, თუმცა ეს გარემოებები მაინც არ ქმნიდნენ ისეთ ვითარებას, რომ აზერბაიჯანს ესარგებლა რუსეთის  საგარეო საქმეებით და ტერიტორიის დასაბრუნებლად დრო ეხელთა. საკმარისია შევადაროთ ორი ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი და შეიარაღება, რომ აღარაფერი ვთქვათ სამხედროების პროფესიონალიზმზე და კავკასიის რეგიონში დისლოცირებული რუსული სამხედრო ძალების შესაძლებლობებზე აზერბაიჯანულთან შედარებით. ჩნდება კითხვა, ხომ არ ურევია რუსეთის ხელი აზრბაიჯანის წარმატებაში?!  სხვანაირად როგორ შეიძლება აიხსნას ის, რომ რუსეთი თმობს ტერიტორიის თუნდაც რაღაც ნაწილს და თუ ეს ასეა მაშინ რის სანაცვლოდ?

 

რუსეთი სამხრეთ კავკასიაში დაბრუნებას და პოზიციების გამყარებას ცდილობს მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და რეგიონში ომების დაწყება ამ მიზანს ემსახურება. სამხრეთ კავკასიაში ჰეგემონობის  ხელისშემშლელი ფაქტორებიდან ერთადერთი, რაც რუსეთმა დიდი ხნით მოხსნა დღის წესრიგიდან - სომხეთია, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის ტყვედ აქცია.  1994 წ. სომხეთმა რუსეთის ჩარევის შედეგად მიაღწია სასურველ მიზანს და დაამყარა კონტროლი ყარაბაღზე, მაგრამ დარჩა შიში, რომ რევანშისტულად განწყობილი აზერბაიჯანელები (რომლებსაც აქვთ ნავთობის და გაზის დიდი რესურსები და შესაბამისად ბევრ თანხასაც ხარჯავენ  სამხედრო სფეროს განვითარებაში), ერთ დღეს შურს იძიებენ განცდილი მარცხის გამო,  ამიტომ უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ და ემორჩილებიან კრემლიდან მოსულ დირექტივებს. გიუმრიში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზის ფაქტორს დაემატა ისიც, რომ კრემლმა მოახერხა შეესყიდა ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი სომხეთში და სომხეთის მოსახლეობა ეკონომიკურად მთლიანად რუსეთზე მიბმული გახადა. სომხებისთვის რაიმეს გაპროტესტებას აზრი არ აქვს, რადგან მის სამეზობლოში ფაქტობრივად არ არსებობს ისეთი ქვეყანა, რომელიც რუსეთს ჩაანაცვლებს. აღმოსავლეთით და დასავლეთით მას მტრულად განწყობილი თურქეთ–აზერბაიჯანი ესაზღვრება, ხოლო სამხრეთით - ირანი, რომელთანაც ნელ-თბილი ურთიერთობები აქვს, თუმცა ირანს არ შეწევს იმის ძალა, რომ სომხეთიდან რუსეთი გააძევოს. რაც შეეხება მის ჩრდილოელ მეზობელ საქართველოს, ის თავისი პრობლემების მოგვარებითაა დაკავებული, ამიტომ სომხეთს უბრალოდ სხვა გზა აღარ აქვს, გარდა იმისა, რომ შეეგუოს მდგომარეობას.

 

რაც შეეხება აზერბაიჯანს, რუსეთისთვის მას დიდი გეოპოლიტიკური დატვირთვა აქვს. გარდა მისი ჰიდროკარბონატული რესურსებისა, რომელიც უხვადაა ისედაც რუსეთში, აზერბაიჯანს გააჩნია მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული მდებარეობა, როგორც ამერიკელი მეცნიერი ზბიგნევ ბზეჟინსკი ამბობს, აზერბაიჯანი არის ერთგვარი საცობი ცენტრალური აზიისთვის, რომელიც უმდიდრესია გაზით და ნავთობით და რომ არა აზერბაიჯანი, ამ რეგიონის რესურსების გადმოქაჩვა დასავლეთით ფაქტობრივად შეუძლებელია. აზერბაიჯანი ასევე წარმოადგენს კავკასიისთვის აღმოსავლეთის კარიბჭეს, ამიტომ რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს მასზე გავლენის მოსაპოვებლად. რაღაც პერიოდის განმავლობაში ეს რუსეთს არ გამოსდიოდა, რისი ახსნა შეიძლება იმით, რომ აზერბაიჯანი თავისი ნავთობის ხარჯზე რუსეთის გარეშეც ახერხებდა დამოუკიდებლად არსებობას. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვერც მთლად პროდასავლურ პოლიტიკას ატარებდა და ამიტომ, ხშირ შემთხვევაში ალიევის რეჟიმი დასავლეთის მხრიდან კრიტიკას ვერ უძლებდა პოლიტიკური ოპონენტების და თავისუფალი სიტყვის დევნის გამო. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი,  მთელი ამ წლების მანძილზე, ორიენტირებული იყო დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკაზე და ცდილობდა კარგი ურთიერთობა ჰქონოდა ერთი მხრივ დასავლეთთან, ხოლო მეორე მხრივ რუსეთთან. აზერბაიჯანში შექმნილი არადემოკრატიული რეჟიმის მიუხედავად, მყარი ეკონომიკის გამო, საზოგადოება ჯერ კიდევ ინარჩუნებდა სიმშვიდეს, იქამდე სანამ არ დაიწყო ნავთობზე ფასების მკვეთრი ვარდნა. გასული წლის დასაწყისიდან, ნავთობის ფასის მკვეთრმა ვარდნამ აზერბაიჯანში საკმაოდ მაღალი ინფლაცია გამოიწვია არადივერსიფიცირებული ეკონომიკის და ფიქსირებული ვალუტის კურსის გამო. მართალია,  ი.ალიევს ყველა შიდა მოწინააღმდეგე მოშორებული ჰყავდა და საფრთხეც წესით არც ერთი მხრიდან არ ემუქრებოდა, მაგრამ 2015 წ. ბოლოსკენ მან საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც თანამდებობიდან გადააყენა უშიშროების მინისტრი - ელდარ მაჰმუდოვი, რომელიც მას გაპრეზიდენტების მომენტიდან ერთგულად ემსახურებოდა. ამ გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტს არავითარი განმარტება არ გაუკეთებია. ე.მაჰმუდოვის გათავისუფლებას, კორუფციის ბრალდებით (რაც აზერბაიჯანის შემთხვევაში სასაცილოც კი არის), შვიდი უშიშროების მაღალჩინოსნის დაკავება მოჰყვა.

 

 ეს ყველაფერი მიანიშნებდა იმას, რომ სოციუმში (ინფლაციით გამოწვეულ უარყოფით მუხტთან ერთად) და პოლიტიკურ ელიტაშიც, ილჰამ ალიევს საქმე დიდად სახარბიელოდ არ ჰქონდა,  რადგანაც მაჰმუდოვი იმ სტრუქტურის მინისტრი იყო, რომელიც ალიევის ხელისუფლების შენარჩუნების უმთავრესი გარანტი იყო. ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი სახეზე იყო. სიტუაციის სწრაფად მოსაგვარებლად საჭირო გახდა რაიმე ქმედითი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც მდგომარეობას მისი რეპუტაციის სასარგებლოდ შემოატრიალებდა. ხალხში დაგროვილი უარყოფითი ენერგიის განმუხტვა იყო საჭირო და სხვა რამეზე ყურადღების გადატანა. ამიტომ, ყარაბაღის პრობლემის გააქტიურება საუკეთესო საშუალება გახდა, ეს კონფლიქტი ალიევმა მისი მმართველობის ქვაკუთხედად აქცია - კონფლიქტი აზერბაიჯანული საზოგადოების უპირობო კონსოლიდაციის საშუალებას იძლეოდა. ომის დაწყება არც ისე ადვილი საქმეა, მითუმეტეს მაშინ, როცა შენი მოწინააღმდეგის სტრატეგიული პარტნიორი რუსეთია, რომელიც ყველა რესურს გამოიყენებს მისი ინტერესების დასაცავად.  ასეთ დროს, როდესაც მისი რეიტინგი ისედაც დაბალია, გონიერი პოლიტიკოსი არ წამოიწყებს წინასწარ წასაგებად განწირულ ომს, რამდენი დღიანიც არ უნდა იყოს ის, რადგანაც  არაერთხელ გვინახავს, რომ  არათუ დამარცხებულ, არამედ გამარჯვებულ ლიდერებსაც კი არ ემადლიერებიან და აშორებენ ხელისუფლებიდან.  აქ მკაფიოდ იკვეთება ალიევის და კრემლის ინტერესების თანხვედრა (ორივეს ძალიან აწყობთ ნავთობზე ფასების მომატება), ალიევს სურს შეინარჩუნოს მართვის სადავეები, ხოლო რუსეთს აზერბაიჯანის მისი გავლენის ორბიტაზე მყარად დაბრუნება.

 

ომის შედეგებიც ასე დასრულდა, აზერბაიჯანმა მოიპოვა პატარა, მაგრამ ისტორიული გამარჯვება და ხელთ იგდო რამდენიმე სოფელი, რითიც ხალხში ალიევის ავტორიტეტი გაიზარდა, ის ასოცირდება გამარჯვებულ ლიდერთან, რომელმაც მოახერხა და დაიბრუნა ტერიტორიის თუნდაც მცირე ნაწილი. არავინ იცის რამდენი ხანი იქნება ი.ალიევი ქვეყნის სათავეში. სამაგიეროდ, სომხეთში დაიწყო ანტირუსული გამოსვლები, რომელზეც  აპროტესტებდნენ რუსეთის აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვის ფაქტებს და მანიფესტანტები რუსეთს, როგორც ოკუპანტს ისე მოიხსენიებდნენ, მაგრამ ეს პროტესტი უკვე ძალიან დაგვიანებულია, რადგანაც დღეს სომხეთს რუსეთის გარეშე არსებობა არ შეუძლია, სულაც რომ მთელი ყარაბაღი გადასცეს რუსეთმა აზერბაიჯანს.

 

საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ,,ნოვაია გაზეტა’’ ლავროვის ერევანში ვიზიტთან დაკავშირებით. მათი ინფორმაციით, ლავროვი ჩავიდა ერევანში, რათა მოლაპარაკებები ეწარმოებინა ყარაბაღის შვიდი რაიონიდან ხუთის აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაზე. ამას მოჰყვა  სერგეი მარკინის, პოლიტოლოგის და საზოგადოებრივი პალატის წევრის კომენტარი, რაც ადასტურებს, რომ ლავროვის ვიზიტის მიზანია სერჟ სარქისიანისთვის დახმარების გაწევა - რაიმე გზის მოფიქრებაში, თუ როგორ დაარწმუნოს ამ უკანასკნელმა ქვეყნის მოსახლეობა, აზერბაიჯანისთვის 5 რაიონის დაბრუნების სისწორეში ისე რომ, ამას არ მოჰყვეს სერიოზული გართულება და თან პრეზიდენტის პოსტიც შენარჩუნებული ექნას.

 

ზემოდ მოყვანილი ფაქტებიდან გამომდინარე, შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვივარაუდოთ, რომ პროცესების ამგვარად განვითარება რუსეთის ,,კეთილი’’ ნების გარეშე არ მოხდებოდა, მაგრამ რა ფასის გადახდა მოუწევს აზერბაიჯანს ამ გამარჯვებაში? იქნებ ეს გამარჯვებაც ისეთივე სატყუარაა, როგორც ეს 1994 წ. სომხეთისთვის აღმოჩნდა?

 

რაც შეეხება ფასს, რისი გაღებაც აზერბაიჯანს მოუწევს, ეს რუსეთთან ,,დამეგობრება’’ იქნება, მაგრამ საინტერესოა რა სახის იქნება ეს მეგობრობა. იქნება ეს ევრაზიულ კავშირში აზერბაიჯანის გაწევრიანება, თუ მათ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის განთავსება.

 

საბოლოო ანგარიშით სომხეთი, როგორც ქვეყანა უკვე დიდი ხანია დამარცხებულია, გამომდინარე იქედან, რომ ის 100%–ით რუსეთზეა დამოკიდებული და დამოუკიდებლად არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკაში  არანაირი  გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. აზერბაიჯანმა მოიგო ბრძოლა, მაგრამ რის ფასად -  ჯერ მხოლოდ ვარაუდი შეიძლება. ერთადერთი,  ვინც ყოველთვის იმარჯვებდა ამ ომში - რუსეთია, რომელმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შემოიერთა ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნა სეპარატისტული სახელმწიფო წარმონაქმნები, რომელთა განეიტრალება უკრაინისთვის ჯერჯერობით შეუძლებელია.  წარმატებით ჩაატარა სამხედრო ოპერაციები სირიაში და მოახერხა იქ ბაზების შენარჩუნება, ხოლო მის მიერ დატოვებული ბაშარ ალ–ასადი წარმატებით განაგრძობს ბრძოლას ქვეყანაზე კონტროლის აღსადგენად. ჯამში: საერთაშორისო არენაზე რუსეთი როგორც მშვიდობისმყოფელი ჩანს, რომელმაც მოახერხა სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის ეფექტურად გადაჭრა, რითიც გაიმყარა  მსოფლიოს მშვიდობისთვის მებრძოლი ქვეყნის იმიჯი. 

 

 

 ბაკო ხელაძე

Log in to comment