Sidebar

საქართველო
Typography

მუხროვანის მოვლენებზე გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალაზე გაკეთებულ კომენტარებს შორის ჩემპიონატი რომ ჩატარებულიყო, ნომინაციაში "არაადეკვატური" ნამდვილად მიხეილ სააკაშვილის კომენტარი გაიმარჯვებდა. კერძოდ, სააკაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, თავი დამანებეთ და პოლიტიკაში ნუ ჩამრევთო. თითქოს 2004-2013 წლებში ქვეყანას სააკაშვილი კი არა, ოჩოპინტრე მართავდა. მეორე ადგილზე კი გიგი უგულავას

კომენტარი გავიდოდა, რომელიც ვიდეოფირზე აღბეჭდილია სააკაშვილსა და ადეიშვილთან ერთად. მუხროვანში შემთხვევით მოვხვდიო, - განაცხადა უგულავამ. შემთხვევით შეიძლება ფეხი იღრძო, მაგრამ სპეცოპერაციის ცენტრში ვერ მოხვდები. ეტყობა, 2008 წლის აგვისტოში უგულავა ასევე "შემთხვევით ერეოდა" სამხედროების საქმეებში. ასეა თუ ისე, პროკურატურამ გავრცელებულ ვიდეომასალაზე გამოძიება დაიწყო და შესაძლოა, ზოგ-ზოგიერთს "შემთხვევით" ბრალი დაუმძიმდეს. ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ სამართალდამცველებს გაუჩნდათ შანსი, ბოლოს და ბოლოს, ახადონ ფარდა, თუ ვინ იდგა რეალურად მუხროვანის მოვლენების უკან.


- კარგია, რომ მუხროვანის თემამ წინა პლანზე წამოიწია და პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა ქართული ჯარის მშენებლობასა და 2008 წლის აგვისტოს ომზე. იმედია, მუხროვანის თემის გამოძიება ამ ჯაჭვის პირველი რგოლი იქნება. რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოფირს, კატასტროფაა, როდესაც ასეთი ლექსიკით ლაპარაკობს შს მინისტრი და ამბობს, ორი გვამი მინდაო. დავინახეთ ისიც, როგორ იგეგმებოდა ოპერაცია - აბსოლუტურად არაპროფესიონალურად და ქუჩის დონეზე. ვნახოთ, როგორ გამოიძიებს პროკურატურა ამ საქმეს. ყოველ შემთხვევაში, ვერსია, რომ მუხროვანის მოვლენები "ნაციონალური მოძრაობის" შიდადაპირისპირების შედეგი იყო, ნამდვილად ყურადსაღებია. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილს დავით კეზერაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნა უნდოდა, თუმცა ამერიკელების წინააღმდეგობის გამო ვერ მოახერხა. ამერიკელებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ კეზერაშვილის შემდეგ მინისტრად დავით სიხარულიძე დანიშნულიყო და ამაში მერაბიშვილის ხელიც ურევია.

არ არის გამორიცხული, მუხროვანის ამბები სწორედ ძმებმა ახალაიებმა დაგეგმეს იმისთვის, რომ დავით სიხარულიძის დისკრედიტაცია მოეხდინათ და, ბოლოს და ბოლოს, ბაჩო ახალაია დანიშნულიყო მინისტრად.

შესაძლოა, ეს კარგად იცოდა ვანო მერაბიშვილმა და იმიტომაც იყო აღელვებული და აფორიაქებული. სხვათა შორის, მუხროვანის მოვლენების შემდეგ სამხედროებს დავუსვით მთავარი კითხვა: ჰქონდათ თუ არა ბრძანება, რომ მიტინგის დარბევაში მიეღოთ მონაწილეობა (2009 წელს სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით თბილისში მასშტაბური აქცია მიმდინარეობდა). გვითხრეს, პირდაპირი ბრძანება არ გვქონდა, მაგრამ თავდაცვის სამინისტროდან გამოვიდა ხმა, რომ ჩვენთვის მომიტინგეებთან დაპირისპირების დავალებას აპირებდნენ, არ გვინდოდა, ეს დაგვეშვა და პრესკონფერენციის გამართვას ვაპირებდითო. ვფიქრობ, ასეთ ხმას სპეციალურად ავრცელებდნენ სამხედრო ნაწილში, რათა უკმაყოფილების პროვოცირება მოეხდინათ. გარდა ამისა, ყოფილ ხელისუფლებასთან არის ერთი მთავარი კითხვა: თუ ჰქონდა ინფორმაცია, რომ მუხროვანის სამხედრო ნაწილში რაღაც მზადდებოდა (ასე გამოდის იმ ვიდეომასალიდან, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ მუხროვანის მოვლენების შემდეგ გაავრცელა), რატომ არ მიიღო მაშინვე ზომები? ამ კითხვაზე პასუხი დღემდე არ გაუციათ. ეს კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს, რომ საქმე გვქონდა სპექტაკლთან. თუმცა აქვე გეტყვით, რა თქმა უნდა, სამხედრო ნაწილში თვითნებურად მიტინგებისა და პრესკონფერენციების ჩატარება არ შეიძლება.

- კამათი გრძელდება მერაბიშვილის საკვანძო ფრაზაზე "ორი გვამი მინდა".  დღევანდელი ხელისუფლების, ექსპერტთა და საზოგადოების ნაწილის აზრით, ეს არის ლიკვიდაციის ბრძანება, რომელიც შესრულდა კრიალაშვილისა და ოთანაძის ჩაცხრილვით. მერაბიშვილი და "ნაციონალები" კი ამტკიცებდნენ, იყო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მუხროვანის ამბოხში ორი რუსი გრუ-ს თანამშრომელი მონაწილეობდა, რომლებიც ამბოხებულებმა კვალის დაფარვის მიზნით მოკლეს და "ორ გვამში" მათ ცხედრებს ვგულისხმობდით, თუმცა შემდეგ ეს ინფორმაცია არ დადასტურდაო.
- მერაბიშვილისა და "ნაციონალების" განცხადებები რუს ჯაშუშებზე სასაცილოა. საზოგადოების დიდი ნაწილი ბევრი ფაქტორის გამოა დარწმუნებული, რომ ფრაზა "ორ გვამზე" სწორედ თიანეთის გზატკეცილზე კრიალაშვილისა და ოთანაძის ჩაცხრილვას უკავშირდება, რაც კრიალაშვილის სიკვდილით დასრულდა. მაგალითად, "ნაციონალები" ამტკიცებენ, თიანეთის გზატკეცილზე ორმხრივი სროლა იყოო. არადა, ეს მტკნარი სიცრუეა - გზატკეცილი მჭიდროდ დასახლებული ადგილია, მომხდარს ბევრი თვითმხილველი ჰყავდა და ორმხრივი სროლა იქ არ ყოფილა. ასევე, "ნაციონალები" ამბობენ, ოთანაძის ლიკვიდაცია არ გვინდოდა, მას ხომ ვუმკურნალეთო. არადა, კაცს 12 ტყვია რომ მოხვდება, წესით, მკვდარი უნდა იყოს - ოთანაძე ღვთის განგებამ გადაარჩინა და არა იმან, რომ მაშინდელ ხელისუფლებას მისი ლიკვიდაცია არ სურდა. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი სპექტაკლი იყო - შეიტყუეს კრიალაშვილი და სხვები მუხროვანში და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. ხელისუფლებისგან, რომელსაც გვამებზე მოსიარულეს უწოდებდნენ, ეს არ იყო გასაკვირი.
სასაცილოა გიგი უგულავას განცხადება, მუხროვანში შემთხვევით აღმოვჩნდიო და ამის დამადასტურებლად ის მოჰყავს, რომ კოსტიუმი ეცვა.

თბილისის მერი შემთხვევით როგორ უნდა აღმოჩნდე იმ ადგილას, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს? სამოქალაქო სამოსი ეცვათ მერაბიშვილსაც, სააკაშვილსაც და ადეიშვილსაც და ისინიც შემთხვევით აღმოჩნდნენ იქ?! ესენი ერთად, ჯგროდ დადიოდნენ ხოლმე და დარწმუნებული ვარ, როგორც კი გაიგო უგულავამ, რომ რაღაც ხდებოდა მუხროვანში, მაშინვე გაიქცა და მარაქაში გაერია.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა ქაოსი იყო და როგორ იყო აღრეული ფუნქციები მაშინდელ ხელისუფლებაში.

- თქვენი აზრით, ზემოხსენებული ვიდეომასალა ვინ განათავსა ინტერნეტში? ფაქტია, რომ ვიდეომასალასთან წვდომა რიგით და საშუალო რანგის ყოფილ თუ მოქმედ ძალოვანებს ნამდვილად არ ექნებოდათ.
- როგორც სააკაშვილის ყოფილმა ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ თქვა, მიმდებარე ტერიტორიაზე 4 ვიდეოკამერა მუშაობდა და მართლაც საოცარია, რაში სჭირდებოდათ ამის გადაღება? ალბათ, იმისთვის, რომ შემდეგ შეემოწმებინათ, ვინ როგორ იქცეოდა. ჩემი აზრით, ინტერნეტში ვიდეომასალის გავრცელება ყოფილი ხელისუფლების დაჯგუფებებს შორის მიმდინარე დაპირისპირების შედეგია. ყველა ხედავს, რომ ახალაიების მხარდამჭერები ვანო მერაბიშვილს რუსეთის აგენტს უწოდებენ, ვანოს მომხრეები კი მიწაში დებენ ძმებ ახალაიებს. ვიცი, რომ საზღვარგარეთ მყოფი ძველი ხელისუფლების რამდენიმე წევრი ცდილობს, თავისი თანაგუნდელების შესახებ კომპრომატები კარგად გაასაღოს. მაგალითად, ჩემი ინფორმაციით, სამართალდამცველებს სამეგრელოს სამალავებზე დათა ახალაიამ მიუთითა. პირდაპირ გეტყვით, ვაჭრობა მიმდინარეობს დათა ახალაიასა და ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს შორის. დეტალებს ვერ დავაკონკრეტებ. ისიც ფაქტია, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ბევრი პირია დაინტერესებული ერთმანეთის ჩაძირვით. მოკლედ, არ გამოვრიცხავ, რომ გავრცელებული ვიდეომასალის უკან დათა ახალაია იდგეს.

- თუ ამ ვერსიას განვავითარებთ, მაშინ უნდა ველოდოთ, რომ ამჯერად მერაბიშვილის დაჯგუფება გადავა კონტრშეტევაზე და ახალაიების შესახებ გავრცელდება ვიდეოკომპრომატი.
- არ არის გამორიცხული, მართლაც გაგრძელდეს კომპრომატების სერიალი ჟანრიდან "დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში". ისე, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ დებს ინტერნეტში კომპრომატებს - ახალაია, მერაბიშვილი თუ შსს. სამწუხაროა, რომ საქართველოში დამკვიდრდა კომპრომატებით ბრძოლის ასეთი მეთოდები.

- თქვენ შსს ახსენეთ, ანუ უშვებთ, რომ შესაძლოა, ვიდეომასალა დღევანდელი ხელისუფლების წევრებს გაევრცელებინათ? მაგალითად, "ნაციონალები" აცხადებენ, ერთ თვეში მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა ეწურება და ხელისუფლებამ ვიდეომასალის გავრცელებით ფონი შეამზადა, რომ მისთვის ახალი წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვოსო.
- საქართველოს უახლეს ისტორიაში იმდენი ტრაგიკული ფურცელია დაკავშირებული პოლიციის ქმედებებთან, რომ მერაბიშვილისთვის ბრალის დასამძიმებლად ამ ფორმის დამატებითი არგუმენტი არ არის საჭირო. თუმცა, თუ მუხროვანის მოვლენების სიღრმისეული გამოძიება ჩატარდება და დამტკიცდა, რომ ეს სპექტაკლი იყო, მხოლოდ მერაბიშვილს კი არა, ძველი ხელისუფლების სხვა პირველ პირებსაც დაუმძიმდებათ ბრალი. ვერ გეტყვით, ეს იქნება თუ არა სააკაშვილიც, რომელმაც ასევე ღიმილის მომგვრელი კომენტარი გააკეთა, თავი დამანებეთ და ნუ გამრევთ ამ საქმეშიო.

- კიდევ ერთი ლეგიტიმური კითხვა ჩნდება: მაინცდამაინც ინტერნეტში უნდა გავრცელებულიყო ვიდეომასალა, რომ პროკურატურას გამოძიება დაეწყო? სხვათა შორის, ვიდეოფირზე დაფიქსირებული არიან დავით ნაირაშვილი და შმაგი თელია, რომლებიც დღესაც მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში.
- ერთ-ერთი ექსპერტის კომენტარი მოვისმინე, შესაძლოა, ამ ვიდეომასალის გავრცელებით შს სამინისტრო თავდაცვის უწყებას ებრძოდესო. არა მგონია, ასე ტრაგიკულად იყოს საქმე. თქვენს კითხვაზე პასუხად გეტყვით - ყველაფერი იმის ბრალია, რომ პროკურატურაში, შსს-ში თუ თავდაცვის სამინისტროში მეხუთე კოლონა არსებობს. ჩემთვის ცნობილია იმ პირთა გვარ-სახელები, რომლებიც პროკურატურაში სხედან და დღის მანძილზე რაც ხდება ამ უწყებაში, ზურაბ ადეიშვილს ატყობინებენ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მაგალითად, პროკურორი ნათია სონღულაშვილი, რომელმაც პოლიტპატიმრად აქცია შოთა იამანიძე, დღეს ბრალმდებელია მერაბიშვილის პროცესზე. ზურაბ ჭიაბერაშვილის ნათქვამით კი ირკვევა, რომ სონღულაშვილი რამდენიმე წლის წინ პროკურორი იყო მუხროვანის საქმეზეც. ეს ხომ ცინიზმია და რა გამოძიებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? იმედი მქონდა, რომ პროკურატურის გაწმენდა დაიწყებოდა ახალი მთავარი პროკურორის დანიშვნის შემდეგ, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერ ხდება. სასამართლოზე ხომ საერთოდ აღარ არის ლაპარაკი. აგერ, რამდენიმე დღის წინ თეთრაძის საქმეზე მეგის ქარდავა გაამართლეს. თუმცა ზოგ შემთხვევაში შეიძლება მოსამართლე ვერც გაამტყუნო, რადგან მტკიცებულებები არ იყოს საკმარისი. მე უკვე აღარ ვიცი, ეს შეგნებულად ხდება თუ არაპროფესიონალიზმის ბრალია. თუმცა ფაქტია, საბოტაჟის რეჟიმში ნამდვილად ვცხოვრობთ.

- დავით კეზერაშვილის ექსტრადიცია რომ შესაძლოა ვერ მოხდეს, ესეც პროკურატურის სუსტი მუშაობის შედეგია? შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, ფრანგმა პროკურორმა მოუწოდა სასამართლოს, არ გადასცეს კეზერაშვილი ქართულ მხარეს.
- ეს შესაძლოა როგორც არაპროფესიონალიზმის, ისე საბოტაჟის  ბრალიც იყოს. საინტერესოა, გადაგზავნილია თუ არა საფრანგეთში საქმეები იმის შესახებ, თუ როგორ წაართვა კეზერაშვილმა უამრავ ადამიანს ქონება? მე პირადად ბევრი კითხვა მაქვს აგვისტოს ომის პერიოდზე, იარაღით უკანონოდ ვაჭრობაზე. მაინტერესებს, რატომ დატოვეს ამდენი იარაღი სენაკისა და გორის ბაზებში? მაქვს მოწმეთა ჩვენებები, თუ როგორ სთხოვდნენ ოფიცრები ხელმძღვანელობას, გავანადგუროთ ეს იარაღი, რომ მტერს არ ჩაუვარდეს ხელშიო, მაგრამ ბრძანება არ მოდიოდა.

ერთ ფაქტს მოვიყვან: 2008 წლის სექტემბერში კეზერაშვილის ბრძანებით ერთ-ერთი ქარხნის მეპატრონე ღამით მიიყვანეს ნოტარიუსთან და ქარხანა დაათმობინეს. ეს ქარხანა გარკვეულწილად სამხედრო შეკვეთებსაც ასრულებდა, დილით ამ ქარხნის ანგარიშზე დაჯდა 48 მილიონი დოლარი, საღამოს კი გაქრა. ე.ი. საჭირო იყო ამ ქარხნის სასწრაფო გადაფორმება, რათა მის ანგარიშზე მეზობელი ქვეყნიდან, სომხეთიდან, თანხა დარიცხულიყო. მე ეჭვი მაქვს, ეს იარაღის უკანონოდ გაყიდვით მიღებული ფული იყო.

- ისე, როდესაც სავარაუდო საბოტაჟზე ვსაუბრობთ, თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, რომ ასეთი მოვლენის პრევენცია მოხდეს?
- ხელისუფლება, სამწუხაროდ, იყენებს მეთოდს, რომლის მიხედვით, შენ საშუალებას აძლევ დამნაშავეს, გამოსწორდეს და აპირისპირებ ყოფილ ხელმძღვანელებთან. ეს მეთოდი ყოველთვის არ ამართლებს და მთლად მორალურიც არ არის. მივიჩნევ, რომ შეიძლება იმის მიღწევა, რომ მოახდინო კლასიფიკაცია და ადამიანები წარსულში ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიხედვით დატოვო ან გაათავისუფლო სამსახურიდან.

- დასასრულ მინდა სოჭის ოლიმპიადაზე გკითხოთ, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწყება. დასავლეთი სულ უფრო ხშირად გამოთქვამს შეშფოთებას, ეყოფა თუ არა რუსეთს უსაფრთხოების რესურსი, რათა სპორტული ზეიმი არ იქცეს ტრაგედიად.
- ოლიმპიადის უსაფრთხოებაში ჩართულია 200 ათასი კაცი. მაგალითად, 49-ე და 58-ე არმიები, შინაგანი ჯარის ბრიგადები, საზღვაო ფლოტი და ა.შ. სოჭი დიდი ქალაქი არ არის და 200 ათასი კაცი პლუს მოხალისეები, დიდი ძალაა, მაგრამ ტერორისტების მეთოდები ისე დაიხვეწა, არ გამოვრიცხავ, რაღაც მართლაც მოხდეს.

- 12 თებერვალს გაირკვევა, მიაღწევენ თუ არა მერია და საკრებულო თბილისის ბიუჯეტზე კონსენსუსს. მერია აცხადებს, რომ ბიუჯეტის არდამტკიცება პროგრამების შეჩერებასა და ლამის ქალაქის პარალიზებას გამოიწვევს, რაც მოსახლეობას აშფოთებს.
- დარწმუნებული ვარ, ქალაქის პარალიზება არ მოხდება, რადგან ცენტრალურ ხელისუფლებას შესაბამისი გეგმა შემუშავებული ექნება. დღეს ბრძოლა მიმდინარეობს იმისთვის, თუ ვინ წარმართავს პროცესს ქალაქში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც კარს მოგვადგა. მხარეებისთვის საპრეზიდენტო არჩევნები მთავარი არ იყო, მთავარია, არ დაკარგო თვითმმართველობებში ბერკეტები. შესაბამისად, ეს ბრძოლა კიდევ უფრო გამწვავდება. იმედია, თბილისი ამით არ დაზარალდება.

Log in to comment