Sidebar

საქართველო
Typography

 აგრესიული, თუმცა სწორი ტონი – ასე აფასებენ ხელისუფლების წარმომადგენლები და სფეროს სპეციალისტები თავდაცვის მინისტრის მიერ საქართველოსათვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (მაპ) მიცემის კატეგორიულ მოთხოვნას და ამბობენ, რომ ეს შედეგს თუ არ გამოიღებს, დაშავებით მაინც არაფერს დააშავებს. თუმცა პოლიტოლოგთა მეორე ნაწილი ხიდაშელის ტონს მიუღებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ საერთაშორისო

საზოგადოებას ასე არ უნდა ელაპარაკებოდნენ. იმ შემთხვევაში კი, თუ მკაცრი განცხადებებისა და აქტიურობის მიუხედავად, ნატოს მომავალ სამიტზე საქართველომ მაპ-ი ვერ მიიღშო, მათი აზრით, ეს მოსახლეობაში იმედგაცრუებას გაზრდის და პრორუსულ ძალებს სტიმულს მისცემს, მთელი თავიანთი წინასაარჩევნო კომპანია ამაზე ააგონ. საბოლოოდ კი, არ გამორიცხავენ, რომ მან არჩევნების შედეგებზეც იქონიოს გავლენა.

განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ნატო-მ ვარშავის 2016 წლის სამიტზე მაპთან დაკავშირებით საქართველოს კონკრეტული პასუხი უნდა გასცეს, თავდაცვის მინისტრმა გერმანულ გაზეთ „კურიერთან“ საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს მოთმინების რეჟიმში ყოფნა აღარ შეუძლია.

„თუ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მაშინ უკრაინით აღარ დაკმაყოფილდება. არ შეიძლება ნატო-მ ან ევროკავშირმა მომავალშიც ისე იმოქმედონ, როგორც ამას დღეს აკეთებენ მხოლოდ რეაქციის სახით. ბევრი საშუალება არსებობს, აქ დედაქალაქებში ბევრი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. სამწუხაროდ, თბილისში ჩვენი შესაძლებლობა შეზღუდულია. ჩვენ საკუთარი არჩევანი გავაკეთეთ. 2018 წელს ნატოს ვარშავის სამიტმა კონკრეტული პასუხი უნდა გაგვცეს, დადა მომენტი, როდესაც ჩვენ კიდევ მოთმინების რეჟიმში ყოფნა აღარ შეგვიძლია. მაპ-ს თუ ვერ მივიღებთ, ეს არ იქნება საქართველოს დასასრული, მაგრამ იქნება ტრაგედია“, – განაცხადა ხიდაშელმა.

ინტერვიუში, რომლის თარგმანიც თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, ხიდაშელი იმაზეც საუბრობს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული შენაერთების

არსებობა შესაძლოა ალიანსში გაწევრიანებისას დაბრკოლებად განგვეხილა, მაგრამ მაპ-ის მიღებისას – არა.

ჟურნალისტის კითხვაზე – გაწევრიანდება თუ არა საქართველო ნატო-ში მომდევნო 10 წელში – ხიდაშელმა აღნიშნა, რომ რეალურად ეს შესაძლოა 10 წელიწადში, ერთ წელიწადში, ან ნებისმიერ დროს მოხდეს. „მზად უნდა ვიყოთ, რომ შანსი ხელიდან არ გავუშვათ. ჩვენი მხრიდან ყველა ტექნიკური სამუშაო შევასრულეთ. ახლა რაც გვაკლია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება მაპ-ის მისაღებად და საბოოოდ, გაწევრიანება, რასაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დაგვპირდნენ“, – განაცხადა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრის კატეგორიულ ტონს ბუნებრივს უწოდებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი და ამბობს, რომ ეს ხიდაშელის მოთხოვნა და პოლიტიკაა. ამაში დარწმუნებულია, ამიტომ საკითხს მკაფიოდ აყენებს. მისი თქმით, დიპლომატები სხვა ენაზე ლაპარაკობენ, მინისტრები და მით უფრო სამხედრო მინისტრები კი – სხვაზე. შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ საქმისათვის ხიდაშელმა სწორი ტონი აარჩია. მეტიც, ლევან ბერძენიშვილის თქმით, არ იქნებოდა მოსაწონი თავდაცვის მინისტრი ისეთ დიპლომატიურ ენაზე საუბრობდეს, რომ იქიდან აზრი ვერ გამოგვეტანა.

„მან სამხედრო პირდაპირობით თქვა, რომ საქართველოს მაპ-ი უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ, თუ რა და როგორ გვინდა, კეთდება ხოლმე განცხადებები იმის თაობაზე, რომ იქნებ ნეიტრალიტეტი სჯობდეს და იქნებ რუსეთმა ასეთ უფრო დაგვანებოს თავი. თუმცა მოლდოვა ნეიტრალურია, მაგრამ რუსეთმა მას თავი არ დაანება. ასევე უკრაინასაც ამდენი ხნის განმავლობაში ნეიტრალური პოზიცია ეჭირა და ნატო-ში შესვლას არ აპირებდა, მაგრამ რუსეთმა პრობლემები მასაც შეუქმნა, ანექსია იქაც მოხდა. „ასე რომ, ხიდაშელის არც ტონი და არც მიმართულება არ მაკვირვებს, ვფიქრობ, რომ მინისტრის პოზიციიდან იგი ძალიან სწორად მოქმედებს“, – ამბობს ბერძენიშვილი.

რაც შეეხება ხიდაშელის მიერ გამოთქმულ მოლოდინს, პარლამენტარი ამბობს, რომ იგი რეალისტურია, მაგრამ ამავე დროს, მისი კარიერისათვის, პარტიისა და კოალიციისთვის რისკის შემცველი. თუმცა, ბერძენიშვილის თქმით, ეს ის შემთხვევა და ის საკითხია, როცა საქართველო რისკზე მიდის.

„იმის საფრთხე, რომ რადგან თინა რაღაცას ასე კატეგორიულად მოითხოვს, ამის გამო რაიმე ცუდი მოხდება, არ არსებობს. საქართველოს მაპ-ი და ნატო-ს წევრობა ჰაერივით სჭირდება. თუ ისე მოხდა, რომ მაპ-ის გარეშე მიგვიღებენ ალიანსში, ეს კიდევ უფრო სასარგებლო და სასიამოვნო იქნება. საქმე ისაა, რომ ნატო გაფართოებას განაგრძობს. ახლა წევრობას მონტენეგროს შესთავაზებქენ. შესაბამისად, ჩვენი მზადყოფნაც მაღალია და ჩვენი პატარა ქვეყნის წვლილიც ავღანეთსა თუ აფრიკაში უზარმაზარია. ამიტომ არ მიკვირს, რომ მაპ-ის მხრივ თავდაცვის სამინისტრო ასეთ აგრესიულ პოლიტიკას ახორციელებს“, – აღნიშნავს ბერძენიშვილი. იგი თანაპარტიულ მინისტრს იმაშიც ეთანხმება, რომ ტექნიკური თვალსაზრისით საქართველო ამისათვის სრულიად მზადაა და მან თავისი გასაკეთებელი დიდი ხანია გააკეთა.

საქართველო რომ ნატოს წევრი გახდება, ამის შესახებ, ბერძენიშვილის თქმით, ალიანსს თავისი მოსაზრება, ევროკავშირისაგან განსხვავებით, გმოთქმული აქვს. ასე რომ, დეპუტატის აზრით, იმედგაცრუება არ გვემუქრება: „წელს თუ არ მოგვცემენ მაპ-ს, გაისად მივიღებთ“, – აღნიშნავს იგი.

პრორუსული ძალების გასაგონად კი ამბობს, რომ საქართველოს მხოლოდ ეს პერსპექტივა აქვს და სწორედ ასე უნდა ველაპარაკოთ პარტნიორებს, რათა მათ იცოდნენ, რომ საკითხს ძალიან სერიოზულადვუდგებით.

„თავის დროზე საქართველომ ისეთი მოთხოვნები დააყენა, რომ ევროპა პირდაღებული გვისმენდა. ლამის პირველსავე წელს ევროკავშირში შესვლას ვთხოვდით, სანამ კარგად არ აგვიხსნეს, რომ კანონების ჰარმონიზაცია და სხვა ბევრი რამ იყო საჭირო, თუმცა იმ ხელისუფლებისაგან არავის არაფერი გაკვირვებია. არც ტონი და არც ლაპარაკი. მაშინ არ იყო იმდენი თავისუფლება, რომ გვემსჯელა, რამდენად სწორად ითხოვდა მიხეილ სააკაშვილი ან მისი რომელიმე მინისტრი ამას. ჩვენ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომლის

პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და განსაკუთრებით თავდაცვის მინისტრი ახალი წლის შეხვედრას ხან ცხინვალში გვპირდებოდა, ხან სოხუმში და ლამის სოჭის დაბრუნებაც მოინდომეს. თუმცა ამით არაფერი მოხდა, საქართველო გადარჩა.

„ამიტომ ნურავის შეაშინებს ის, რომ თინა ხიდაშელი მაპ-ს ასე მტკიცედ და აგრესიულად ითხოვს. რასაც ვითხოვთ, იმას მივიღებთ კიდეც. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ჩვენი თაობა ისე არ წავა არც პოლიტიკიდან და არც ცხოვრებიდან, რომ საქართველო ნატო0ს წევრი არ გახდეს“ – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

მინისტრის ტონს კატეგორიულს უწოდებს „ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი“ კახა გოგოლაშვილიც,თუმცა, აქვე იმასაც დასძენს, რომ ნატო-სთან ურთიერთობაში წინ წაწევის ხიდაშელისეულ აგრესიულ მცდზელობას მიესალმება. ამბობს, რომ მინისტრის მოლოდინი მისთვის აქამდეც ცნობილი იყო, რადგან სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისას ხიდაშელმა განაცხადა, რომ მომავალ სამიტზე საქართველოსთვის მაპ-ს მოელის და ნაკლები ამბიცია არ აქვს.

„კატეგორიულად საკითხის დაყენებაცდიპლომატიური ხერხია. ასე რომ, ამას მივესალმები. ეს არ ნიშნავს იმას, მაპ-ის მიღება გარანტირებული გვაქვს, მაგრამ ტაქტიკის შეცვლამ და საკითხისადმი აგრესიულმა მიდგომამ, შესაძლოა, გაამართლოს კიდეც“, – ამბობს გოგოლაშვილი და დასძენს, რომ საქართველო ამისათვის მზად იმაზე მეტადაა, ვიდრე თავის დროზე ნატოს ბევრი ახლანდელი წევრი იყო.

ამბობს, რომ სამიტზე უარის მიღების შემთხვევაში საკითხთან დაკავშირებით სკეპტიციზმი გაჩნდება. პრორუსული ძალებისაგან ჩვენ ხშირად გვესმის განცხადებები, რომ ნატო-სა და ევროკავშირში მაინც არ მიგვიღებენ და მცდელობას თავი უნდა დავანებოთ. შესაბამისად, ვარაუდობს, რომ 2016 წლის მათი საარჩევნო პროგრამაც იგივეზე იქნება აგებული და ეს ზემოქმედებას მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე აუცილებლად იქონიებს. იმდენად, რომ შესაძლოა არჩევნების შედეგებიცკი შეცვალოს.

წინა რესპონდენტებისაგან განსხვავებით ხიდაშელის ტონს უარყოფითად აფასებს „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის“ პრეზიდენტი ირაკლი კიკიანი და აღნიშნავს, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი პოლიტიკასა და დიპლომატიაში კატეგორილად მიუღებელია.

„არ ვიცი, გამოუცდელობით მოუვიდა ეს ხიდაშელს თუ შეგნებულად გააკეთა, მაგრამ ასე არ უნდა ესაუბრა“ – აცხადებს იგი.

აქვე იმასაც დასძენს, რომ საქართველო თავის პრობლემებს მხოლოდ მაპ-ის მიღებით მაინც ვერ გადაწყვეს. მთავარი უსაფრთხოების მეტი გარანტიაა და ეს რა ფორმით მოხდება – მაპ-ის მინიჭებით უ აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებით, ამას, კიკიანის აზრით, მნიშვნელობა არ აქვს.

„ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, მართალია, რომ აქ საქმე უფრო პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან გვაქვს, რადგან თავის დროზე ბევრმა ქვეყანამ მიიღო მაპ-იცა და წევრობაც ისე, რომ საქართველოზე ბევრად ნაკლებად იყვნენ მომზადებულნი. მაგალითად, ბალტიის ქვეყნები. მათ შემთხვევაში სწორედაც რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს. ასე რომ, იმით თქმა,თითქოს საქართველო მზად არაა, ნაკლებადარგუმენტირებული იქნება“, – აცხადებს პოლიტოლოგი.

 

თაკო მათეშვილი

Log in to comment