Sidebar

საქართველო
Typography

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, "ქართული ოცნების“ ყოფილი მრჩეველი ლინკოლნ მიტჩელი„ქართულ ოცნებას“ დასავლეთთან კომუნიკაციის ხარისხს უწუნებს.

 

რას მიიჩნევს „ქართული ოცნების“ მთავარ შეცდომად, რას ფიქრობენ აშშ-ში „შერჩევით სამართალზე“, რა ინფორმაციას ფლობს ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ ამერიკის ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონისადმი გაგზავნილ წერილზე,  რას ამბობდბენ პირად საუბრებში ამერიკელი რესპუბლიკელები და დემოკრატები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის  ურთიერთობებზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან? ამ და სხვა საკითხებზე "აქცენტს" ლინკოლნ მიტჩელი ესაუბრა:

 

დავიწყოთ რიგის სამიტით, რომელსაც მოუთმენლად ელიან საქართველოში. როგორ ფიქრობთ,  რას შეიძლება ველოდოთ მაისში?

 ვიზალიბერალიზაცია იქნება უზარმაზარი საქმე, თუმცა არ ვიცი, ეს მოხდება თუ არა. საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს სვლას ევროპისკენ.  უკრაინაში მიმდინარე მოვლენები დაკავშირებულია საქართველოსთან და მათ, ვისაც სურს, რომ რუსეთს მესიჯი გაუგზავნონ, შეუძლიათ ეს გააკეთონ საქართველოსადმი მხარდაჭერის გამოხატვით. თუმცა არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები.

- რაც შეეხება ნატო-ს საწვრთნელ ცენტრს, რომელიც სავარაუდოდ, შემოდგომაზე გაიხსნება საქართველოში,  რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის და რას იტყვით რუსეთის ფაქტორზე?

 ეს არის რისკი ნატო-ს მხრიდან, რადგან არც ერთ არაწევრ სახელმწიფოში ასეთი რამ არ არსებობს. ეს საქართველოსთვის კარგია და მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ დასავლეთი არაფერს აკეთებს საქართველოსთვის, ნატო სუსტია და ობამამ პუტინს ვერ ჩაავლო, ეს საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს რისკია საქართველოსთვის. ვგულისხმობ იმას, რომ თუ რუსეთმა უკვე შეუტია საქართველოს, მეორედაც შეთხზავს მიზეზს იმისთვის, რომ ეს კიდევ ერთხელ გააკეთოს.  თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს რისკი არსებითად გაიზრდება.

- 2012 წელს, თქვენ „ქართული ოცნების“ არაოფიციალურ მრჩევლად მუშაობდით. რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ჰილარი კლიტონისადმი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაგზავნილი წერილი, რომელიც სწორედ აღნიშნული პერიოდით თარიღდება,  ფლობდით თუ არა ამ წერილის შესახებ ინფორმაციას?

იმ პერიოდში მე არაოფიციალური მრჩეველი ვიყავი. ეს წერილი ინტერნეტში წავიკითხე და მის შესახებ არაფერი ვიცოდი, თუმცა აშშ-ში პირად საუბრებში  ბევრი ადამიანი იგივეს ამბობდა, რომ სააკაშვილს სჭირდებოდა მუდმივი კონფლიქტი რუსეთთან.რამდენიმე დემოკრატი და ზოგი რესპუბლიკელიც ამბობდა, რომ სააკაშვილის ურთიერთობა და  დამოკიდებულება პუტინთან  აშშ-ის ინტერესებში არ შედიოდა. ბუშის საპრეზიდენტო ვადის ბოლოს, ამერიკას უფრო კარგად ესმოდა პუტინის გეგმები  და არ გვინდოდა,  ვინმეს ჩავეთრიეთ პატარა ქვეყნის ლიდერის საშინაო გეგმების საჭიროებისათვის, რომელიც შტატების მოკავშირეა.

 - ხშირად კეთდებდა განცხადებები, რომ საქართველოს პარტნიორებში შერჩევითი სამართლის აღქმა არსებობს, თქვენ კარგად იცნობთ  განწყობებს აშშ-ში და ალბათ, გისაუბრიათ ამ თემაზეც, როგორია შეფასებები, რომელსაც ისმენთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით? 

ვაშინგტონი "ნაციონალური მოძრაობისგან“ მაქსიმალურად ინფორმირებულია.  საქართველოს მთავრობამ თვითონ უნდა განსაზღვროს ეს საკითხი და შერჩევითი სამართლის შესახებ აღქმა უნდა გააქროს,ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა ერთ-ერთი მნიშნელოვანი საკითხია. ვაშინგტონში ადამიანებმა, რომლებიც ნამდვილად მუშაობენ ამ საკითხებზე, ზუსტად იციან, რომ არსებობენ ადამიანები „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომლებმაც ნამდვილად ჩაიდინეს დანაშაული. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს მთავრობას, მაგრამ მსგავს საკითხებს რთულად უდგებიან.არიან ადამიანები, რომლებიც საგარეო პოლიტიკაზე მუშაობენ, უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობენ საქართველოს და სჯერათ იმის, რასაც მუდმივად უყვება „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს საქართველოსთვის ცუდია.  საქართველოს  მთავრობას არ აქვს ისეთივე წარმატებული კომუნიკაცია დასავლეთთან, როგორც ეს მის წინამორბედს ჰქონდა. ამიტომ ხშირად დასავლეთის მზერა „ნაციონალური მოძრაობისკენ“ არის მიმართული, რაც ძალიან ცუდია საქართველოს ახლანდელი მთავრობისთვის. ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც, "ნაციონალურ მოძრაობას"  ძალიან ეფექტური კომუნიკაცია აქვს დასავლეთთან, რისთვისაც უდიდეს ძალისხმევას ხარჯავდა და ამას დღემდე ინარჩუნებს. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მან იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“  ძალისხმევას არ იშურებს დასავლეთში ამჟამინდელი მთავრობის იმიჯის შესალახად.

 - რაც შეეხება ქვეყნის შიდა პოლიტიკას და ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობას, როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხზე და ფიქრობთ თუ არა, რომ შესაძლოა ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს?

2007-2012  წლებში, ქვეყანაში  მუდმივი საშუალო დონის  არასტაბულირობა იყო,  2012 წლიდან დღემდე, გაცილებით სტაბილურობაა, რაც კარგია როგორც საქართველოსთვის, ასევე მისი მთავრობისთვის. ამ ვითარებას კი შეცვლის ვადამდელი არჩევნები.  ყველაზე დიდი შეკითხვა ეხება იმას, შეუძლია თუ არა საქართველოს ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები, ჩემი პასუხი დადებითია, თუმცაარსებობს იმის შესაძლებლობა რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენოს იგივე ტაქტიკა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავდა-ხმების გაყალბება, ამომრჩევლის დაშინება, მედიის თავისუფლების შეზღუდვა და ა.შ. თუ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება, ჩემი პროგნოზია, რომ „ქართული ოცნება“ აიღებს უფრო მეტ ხმას, ვიდრე ნებისმიერი პარტია ან გაერთიანება. „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის იმდენად ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომ მართოს ქვეყნის პოლიტიკა. ასე რომ თუ ისინი პარლამენტში იქნებიან წარმოდგენილი, შესაძლოა, ეს იყოს 10-15 %, ან უფრო მეტიც. ვფიქრობ, რომ პარლამენტში ასევე მოხვდებიან პრორუსული ძალები. მაგალითად, 10 % მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას და მათ სურთ, ჰყავდეთ თავისი წარმომადგენელი პარლამენტში და ვფიქრობ, ეს იქნება ნინო ბურჯანაძე ან მისი რომელიმა თანამოაზრე. რაც შეეხება "თავისუფალ დემოკრატებს“, მას აქვს პოტენციალი, მოიპოვოს მეტი ხმა, რადგან  ჰყავს ჭკვიანი, ენერგიული ხელმძღვანელობა, რომელიც ხალხს მოსწონს. ალასანია პოტენციური ძლიერი კანდიდატია, ძლიერი უნარ-ჩვევებით. 

 _რა მიგაჩნიათ რეიტინგის კლების მიზეზად და რა არის „ქართული ოცნების“ მთავარი შეცდომა?

“ქართულმაოცნებამ“არმოაგვარამმართველობისის უზარმაზარიპრობლემებირაც საქართველოსწინაშედგას. „ნაციონალური მოძრაობის“ წასვლამ ხელისუფლებიდან  ძალიან ბევრ ხალხს მიანიჭა ბედნიერება. მათ ჰქონდათ ძალიან დიდი მოლოდინი „ქართული ოცნებისგან“, მაგრამ რთულია ამ მოლოდინის გამართლება. ეკონომიკა თვალშისაცემად არ უმჯობესდება. მათ არ შეასრულეს მთელი რიგი დაპირებები, რომელიც 2012 წელს გასცეს. მეორე მხრივ, არსებობს კომუნიკაციის პრობლემა - მაგალითად ბევრი ხალხი მეუბნებოდა, რომ საკაშვილს რომ გაეხსნა 20 კილომეტრიანი გზა, ამაზე ის 10 პრესკონფერენციას მოაწყობდა, როდესაც „ქართული ოცნება“  ას კილომეტრიან გზას ხსნის და ამაზე არ საუბრობს.  როცა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, მან დატოვა მემკვიდრე, რომელსაც ქარიზმა არ აქვს. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არც ღარიბაშვილი მოსწონთ და არც ივანიშვილი, ზოგს მიაჩნია, რომ ივანიშვილი უფრო ქარიზმატულია. რაც შეეხება ღარიბაშვილს, ის ყოფილი პრემიერის ერთგულია, მაგრამ ქარიზმა არ აქვს.

 - გასულ კვირას გააქტიურდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თემა. როგორია თქვენი პოზიცია, უნდა დატოვოს თუ არა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენცია?

წარმოდგენა არ მაქვს, რომელი ადგილი უნდა აირჩიოს მარგველაშვილმა. ყველას, ვისაც საქართველოსკენ აქვს ყურადღება მიპყრობილი, იცის, რომ კონსტიტუციის მიხედვით, ძალაუფლება პრემიერის ხელშია,თუმცა ამის გამუდმებით დემონსტრირება აჩვენებს, რომ ღარიბაშვილი უფრო სუსტია, ვიდრე - ძლიერი.ის არ ესწრება  პრეზიდენტის გამოსვლას. თუ წახვალ და დაესწრები შენი ქვეყნის პრეზიდენტის გამოსვლას, ეს არ ნიშნავს რომ ძალაუფლებას კარგავ, ეს პრეზიდენტისადმი პატივისცემის ნიშანია. ამის გაკეთება ხომ ძალიან მარტივია?!  რაც შეეხება ძალების გადანაწილებას, დღევანდელი კონსტიტუციით, მეტი ძალაუფლება პრემიერს აქვს, თუმცა პრეზიდენტი უკეთ მოქმედებს, ხალხს სიმართლეს ეუბნება. როგორც დემოკრატიული ლიდერი, განიხილავს სხვადასხვა საკითხებს იმაზე უკეთ, ვიდრე ამას პრემიერი აკეთებს.

 - და ბოლოს, გასულ კვირას, საქართველოში მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგდა. როგორ შეაფასებთ ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს, რამდენად შესაძლებელია, რომ ის იყოს მედიატორი რუსეთსა და საქართველოს შორის?

მე არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ ლუკაშენკოს შეუძლია, ითამაშოს მედიატორის როლი. დიალოგი კარგია, თუმცა ყველამ იცის რა პოზიცია აქვს მოსკოვს და რა - თბილისს.  ახლა დიალოგის წარმოებასთან მიმართებაში ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი,  რაც ჩემი აზრით რუსეთისბრალია.  რაც შეეხება ლუკაშენკოს, ის ავტორიტარული ლიდერია, ის კარგი ბიჭი არ არის. ის არის ადამიანი, რომელმაც გააყალბა არჩევნები, რაც კარგი არ არის. თუმცა მეორეს მხრივ, ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, სჭირდება დიალოგი, რაც შეიძლება ბევრი ქვეყნის ლიდერთან. არის რაღაცები, რაც მას ლუკაშენკოსგან სჭირდება.

 

_რა არის ის, რაც ბელორუსისგან გვჭირდება?

მაგალითად, აღსანიშნავია ბელორუსის მიერ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოკიდებელ სახელმწიფოდ არაღიარების საკითხი, რაც საქართელოს საგარეო პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ახლანდელი, ისე წინა მთავრობის დიდი მიღწევაა, რომ მხოლოდ რიგმა სახელმწიფოებმა აღიარა ეს ორი ადგილი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. მინდა აღვნიშნო, რომ ბევრ ქვეყანას აქვს ურთიერთობა ისეთ სახელმწიფოებთან, რომელთაც მნიშვნელოვნად განსხვავებული პოლიტიკა აქვთ.

 

_ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ შეიძლება დაბრკოლებად იქცეს ის ფაქტი რომ საქართველო აღრმავებს ურთიერთობებს ევროკავშირთან, ბელორუსი - ევრაზიულ კავშირთან, თქვენ როგორ უყურებთ ამ მოცემულობას?

 

საქართველო მიდის ევროკავშირისკენ. ბელორუსს  აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულება აქვს, თუმცა დიალოგი და ურთიერთობა მნიშვნელოვანია. მე ძალიან არ მომეწონებოდა, თუ ვნახავდი ისეთ ვითარებას, როდესაც საქართველოს ბელორუსთან ცუდი ურთიერთობა ექნებოდა და ბელორუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებდა. ეს ძალიან ცუდი იქნებოდა საქართველოსთვის.

 

ნინო ცაბოლოვი

საინფორმაციო სააგენტო "აქცენტი"

Log in to comment